მონიტორინგი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 
 
 
 
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 292-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.“.
2. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 79-ე–81-ე ნაწილები:
„79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის  მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე  ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.
მუხლი 2.მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხის განსაზღვრა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხის ხელმისაწვდომობა.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე–81-ე ნაწილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
                                            
 
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე